Monday, February 1, 2010


ზამთრის დღეები სიყვარულმა გამიგაზაფხულა!.. :) დეკემბრის პირველ კვირას ჩემმა საყვარელმა ადამიანმა ეს ლექსი მაჩუქა...



მიყვარხარ, ჯული!


...და მომენატრე მე ისე ძლიერ,

ისე ძლიერ მწვავს ტრფობის ალმური,

თითქოს შორს ვიყო მილიონობით

კილომეტრებზე გადაკარგული.


შენი დიდრონი თვალების სითბო...

შენი ხელების ნაზი თათუნი...

ჩვენი გულების შერწყმული რიტმი,

დაფდაფებივით აძგერებული...


გიჟი დამარქვი, მხეცი, ნადირი

ველად გაჭრილი, გადარეული...

და მიხარია მე ეს სიტყვები.

ხედავ როგორ ვარ შეყვარებული?!


გამახსენდება ჩვენი შეხვედრა,

სუნთქვა გრძნობებით მიმოქარგული.

სულ გამეყინა სისხლი ძარღვებში!

ლამის გასკდეს და ამოხტეს გული!..


შენ... შენ არ გახსოვს ჩემი სიტყვები

ათრთოლებული, ცრემლმორეული?..

სულის სიღრმიდან ნაწყვეტ-ნაწყვეტად

ამონათქვამი: „მიყვარხარ, ჯული!“


დიახ, ისა ხარ, ვისაც ვეძებდი

მთასა თუ ბარში გამგელებული!

შმაგი ვარ შენი სიყვარულისა,

უდაბნოსავით მოწყურებული!


მინდა რომ შეგსვა, წყაროვ ანკარავ,

თუ სასმისი ხარ ალავერდული,

გაგისისხლხორცო ჩემი სულივით.

ჩემი ხარ, ჩემი!.. არ გესმის, ჯული?..


გავგიჟდი, სულ მთლად გადავირიე!

სულ შენ დაგეძებ გააფთრებული.

ჯერ არ ვყოფილვარ ასე უმწეოდ,

უკიდეგანოდ შეყვარებული.


შემოიჭერი ჩემს გონებაში,

დაიმორჩილე სული და გული.

უკვე სიტყვებიც კი ამერია:

ჯული თუ გული?.. გული თუ ჯული?..


ასე მგონია, მთელი სამყარო

ფერხთით რომ ვნახო ჩემ წინ გართხმული,

მაინც ვიყვირებ, მაინც ვიყვირებ:

მიყვარხარ, ჯული! მიყვარხარ, ჯული!


მე დავრგე ნერგი, პატარა კვირტი.

ამ ნერგს ვუწოდე მე სიყვარული.

ეს კვირტი არის ჩემი და შენი

გრძნობის სიწმინდით შემომარგლული.


მე ვარ მებაღე ამ სიყვარულის.

შენ ჩემი ზმანების დედოფალო.

მის ნაყოფს მხოლოდ შენ ერთს მოგიძღვნი,

ჩემო ქალღმერთო და პატარძალო!


P.S. მეც მიყვარხარ, ლევან!..